საქართველოს ენერგოსისტემისთვის ამ უმნიშვნელოვანესს საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა.
ბატონო დავით, თქვენ მიერ მრავალჯერ აღინიშნა და ასევე პირად საუბრებში მრავალი სპეციალისტი ადასტურებს იმ პრობლემებს, რომლებიც ჩვენი მთავარი ელექტროსადგურის — ენგურჰესის ექსპლუატაციას უკავშირდება. თქვენი აზრით, რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ენგურის წყალსაცავის საოპერაციო რეჟიმებთან დაკავშირებით? ასევე, ხშირად საუბრობთ ბატარეების ახალ როლზე, მათ ფუნქციაზე ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაში და იმ შესაძლებლობებზე, რაც სისტემის ექსპლუატაციის მახასიათებლების გაუმჯობესებას უკავშირდება.
-ბოლო წლებში საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ორ ძირითად გამოწვევას აწყდება: განახლებადი ენერგიის (მზისა და ქარის) ინტეგრაციის მზარდ საჭიროებას და ენგურის ჰიდროელექტროსადგურის (ენგურჰესი) შეზღუდულ შესაძლებლობას, შეასრულოს სრულფასოვანი პიკური სადგურის ფუნქცია.
ეს უკანასკნელი, ობიექტური მიზეზების გამო, იწვევს იმპორტზე დამოკიდებულების ზრდას პიკურ საათებში, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რაც კრიტიკულ რისკებს ქმნის ენერგეტიკული უსაფრთხოების, ფასის სტაბილურობისა და სისტემური საიმედოობის თვალსაზრისით. ამ კონტექსტში, ბატარეებზე დაფუძნებული ენერგიის შენახვის სისტემები (BESS) წარმოადგენენ რეალისტურ, სწრაფად დანერგვად და ტექნიკურად მოქნილ გადაწყვეტას, რომელსაც შეუძლია ნაწილობრივ ჩაანაცვლოს პიკური გენერაცია და იმპორტი პიკურ საათებში.
ენგურის ჰიდროელექტროსადგური ისტორიულად საქართველოს ენერგოსისტემის მთავარ მანევრულ და პიკურ რესურს წარმოადგენდა. წყალსაცავიანი ჰესის ფუნქცია ენერგიის აკუმულაციას გულისხმობს გაზაფხულიდან წყალდიდობების პერიოდში (ასევე დაბალი დატვირთვის საათებში) და მის გამომუშავებას მაღალი მოთხოვნის პერიოდში. თუმცა, ბოლო წლებში ენგურჰესი პრაქტიკულად აღარ მუშაობს კლასიკური პიკური სადგურის რეჟიმში. ამის ძირითადი მიზეზებია:
- სისტემური „აფხაზური ფაქტორი“, რომელიც ზღუდავს ოპერაციულ თავისუფლებას.
- ნაკლებად არასახარბიელო ჰიდროლოგია და სეზონურობის გამწვავება;
შედეგად, ენგურჰესი უფრო ხშირად მუშაობს ბაზისურ ან ნახევრად ბაზისურ რეჟიმში და შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ვერ უზრუნველყოფს საღამოს პიკურ საათებში საჭირო მანევრულ სიმძლავრეს. ეს ზრდის მოთხოვნას თბოსადგურებზე (რომლებიც იმპორტირებულ საწვავზე მუშაობენ) და, რაც მთავარია, პირდაპირ იმპორტზე. პიკური იმპორტი ენერგომომარაგების ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და სისტემურად სენსიტიური კომპონენტია.
რისკი განსაკუთრებით მაღალია ზამთრის პერიოდში, როდესაც მოთხოვნა მაქსიმალურია, ჰიდრორესურსი შეზღუდულია წყლის რესურსების ნაკლებობის გამო, რეგიონულ ბაზრებზე ფასი მაღალი და მერყევია, ხოლო გადამცემი ქსელი მუშაობს გამტარუნარიანობის შეზღუდვების („ქსელის ვიწრო ადგილების“) პირობებში. 2025 წლის ბოლოსა და 2026 წლის იანვარში ეს ფაქტორები ერთდროულად იკვეთება, რაც პიკურ საათებში იმპორტის ჩანაცვლებას განსაკუთრებით პრიორიტეტულ ამოცანად აქცევს.უნდა აღინიშნოს იმპორტი, განსაკუთრებით პიკურ საათებში, ვერ უზრუნველყოფს სისტემისთვის ისეთ თვისებებს, როგორიცაა ინერცია, მყისიერი რეაგირება და პროგნოზირებადობა, რასაც ადგილობრივი კონტროლირებადი სიმძლავრე იძლევა. 2–4 საათიანი (და მეტი) ხანგრძლივობის BESS პრაქტიკულად ასრულებს — უფრო სწორად, შეუძლია შეასრულოს — „ვირტუალური პიკური სადგურის“ ფუნქცია. მისი უპირატესობები მოიცავს:
- ენერგიის დროში გადატანას – დღის საათებში ან ღამით განხორციელებული „იაფიანი იმპორტი“ და დაგროვილი ენერგიის გამოყენებას საღამოს პიკზე;
- მყისიერ ჩართვას – რეაგირებას წამებისა და მილიწამების დონეზე, რაც შეუძლებელია იმპორტისთვის;
- ადგილობრივ რესურსს – არ საჭიროებს საზღვრისპირა ქსელზე ან მეზობელ ბაზრებზე დამოკიდებულებას;
- ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდვების შემცირებას – ბატარეა ამცირებს პიკურ დენებს გადატვირთულ მონაკვეთებზე;
- იმპორტის ჩანაცვლებას – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმპორტი სწორედ პიკებზეა საჭირო.
იმ პირობებში, როდესაც ენგურჰესი ვერ ასრულებს პიკურ ფუნქციას, BESS ხდება ის ტექნოლოგია, რომელიც ავსებს ამ სიცარიელეს სისტემაში.
- ხომ არ ხდება გადაფარვა ბატარეებით მარეგულირებელი ჰესების ფუნქციის, ანუ განიხილება თუ არა BESS წყალსაცავიანი ჰესების ალტერნატივად? ზოგიერთი სპეციალისტი ადარებს კიდეც წყალსაცავიან სადგურებსა და ბატარეებს.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ BESS სისტემები არ უნდა განიხილებოდეს ენგურჰესის ან სხვა წყალსაცავიანი ელექტროსადგურის ალტერნატივად, არამედ მხოლოდ მის ფუნქციურ დამატებად. ოპტიმალურ სქემაში ენგურჰესი უზრუნველყოფს სეზონურ და დღეღამურ რეგულაციას (სადაც ეს შესაძლებელია), ხოლო BESS უზრუნველყოფს მოკლე და საშუალო ხანგრძლივობის პიკური საათების დაფარვას. შედეგად, მცირდება როგორც იმპორტი, ისე წყალსაცავზე ზეწოლა.
ეს სინერგია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილების პირობებში, როდესაც ჰიდროლოგიური პროგნოზი უფრო არასტაბილური ხდება. თუ საქართველოს სურს შეამციროს პიკური იმპორტი და გაზარდოს ენერგეტიკული უსაფრთხოება, აუცილებელია:
- BESS-ის აღიარება პიკურ და კონტროლირებად სიმძლავრედ, მათ შორის გარანტირებული სიმძლავრის უზრუნველყოფის მექანიზმებში;
- 2–4 საათიანი სისტემების პრიორიტეტიზაცია იმ ზონებში, სადაც პიკური იმპორტი და ქსელის ვიწრო ადგილებია;
- მოქნილობის შესყიდვის კონტრაქტების დანერგვა (Flexibility / Capacity-style), რათა BESS პროექტები გახდეს საინვესტიციოდ მიმზიდველი საბანკო პროდუქტი;
- ენგურჰესისა და BESS-ის ინტეგრირებული დაგეგმვა, როგორც ერთიანი სისტემური პაკეტი და არა განცალკევებული აქტივები.
ბოლო წლების პრაქტიკამ ცხადყო, რომ ენგურჰესი ობიექტურად ვეღარ ასრულებს პიკური სადგურის სრულფასოვან ფუნქციას. ამ რეალობის უგულებელყოფა ზრდის იმპორტზე დამოკიდებულებას და სისტემურ რისკებს.
ენგურის ჰიდროელექტროსადგურის წყალსაცავის 2025 და 2026 წლების საპროგნოზო და ფაქტობრივი ექსპლუატაციის მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ წყალსაცავის დონეები დროის დიდი ნაწილის განმავლობაში იმყოფებოდა 440 მეტრ ნიშნულზე დაბლა. 440 მეტრი წარმოადგენს მკვდარი მოცულობის დონეს, რომლის ქვემოთ წყალსაცავის გამოყენება საპროექტო და ენერგეტიკული ლოგიკით უკიდურესად დაუშვებლად უნდა ჩაითვალოს. რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ ასეთი ღრმა წყალსაცავის სისტემატიური „დამუშავებები“ დიდ პრობლემას უქმნის ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის საიმედოობასა და უსაფრთხოებას. ამის შესახებ უამრავი კვლევაა ჩატარებული, თუმცა ეს მნიშვნელოვანი ასპექტი მრავალი წელია უყურადღებოდ რჩება და ეს უდიდეს რისკს წარმოადგენს.2025–2026 წლებში წყალსაცავის დაბალი დონეების შედეგად, ენგურჰესი ვერ უზრუნველყოფს დღეღამურ მანევრულობას, მცირდება სისტემაში შიდა პიკური რესურსის ხელმისაწვდომობა, იზრდება იმპორტისა და თბოსადგურების დატვირთვა პიკურ საათებში და იზრდება ფასისა და ოპერაციული რისკები. 2–4 საათიანი BESS არ წარმოადგენს ენგურჰესის ჩანაცვლებას, არამედ მის სტრატეგიულ გაგრძელებასა და ფუნქციურ გაფართოებას იმ პირობებში, როდესაც წყალსაცავის დონეები აღარ იძლევა პიკური მუშაობის საშუალებას.
- 2025 წლის ბოლოს და 2026 წლის იანვარში ხორციელდებოდა ელექტროენერგიის იმპორტი დიდი მოცულობებით რუსეთიდან (ღამის საათებში) და თურქეთიდან ასევე სომხეთიდან. ამბობენ, რომ რუსეთიდან ღამით იმპორტი დაკავშირებული იყო დღის საათებში რუსული ელექტროენერგიის ძალიან მაღალ ფასთან (9 აშშ ცენტზე მეტი), ხოლო თურქეთიდან იმპორტი, რომელიც ღამის პიკურ საათებში შემოდიოდა, სავარაუდოდ უფრო იაფი იყო, თუმცა ალბათ მაინც საკმაოდ ძვირი?
2026 წლის იანვრის იმპორტის სტრუქტურის ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტი მრავალმიმართულებიანია, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თურქეთის მიმართულება, როგორც პიკურ საათებში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური და ფასის თვალსაზრისით მაღალი რისკის მქონე წყარო.
მიუხედავად იმისა, რომ თვიურ ჭრილში იმპორტის ჯამური მოცულობა შეიძლება აღქმული იყოს როგორც „დაბალანსებული“, საათობრივი პროფილის ანალიზი მიუთითებს, რომ თურქეთიდან იმპორტი კონცენტრირებულია სწორედ პიკურ საათებზე. ეს ნიშნავს, რომ თურქეთის იმპორტი სისტემაში ჩნდება არა ბაზისური ენერგიის, არამედ პიკური სიმძლავრის ჩანაცვლების მიზნით. ეს სურათი კიდევ უფრო მწვავდება იმ პირობებში, როდესაც ენგურჰესი ვერ ასრულებს პიკური სადგურის ფუნქციას წყალსაცავის დაბალი ოპერაციული დონეების გამო. ზუსტად ამ კონტექსტში იკვეთება 2–4 საათიანი BESS-ის კრიტიკული როლი. ასეთი ბატარეები ნამდვილად ქმნიან შესაძლებლობას.კიდევ ერთს დავამატებ ნახევრად ხუმრობით 4 საათიანი BESS-ი ნამდვილად არ არის UPS რომელიც ელექტროენერგიის გათიშვის ან ძაბვის ვარდნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მოწყობილობების (კომპიუტერი, სერვერი) დროებით მუშაობას მას გაცილებით და შეუდარებლად დიდი ფუნქციონალი აქვს ენერგოსისტემისათვის.
-რა საერთაშორისო გამოცდილებაა შემნახველი ბატარეების მხრივ?
ევროპის ენერგეტიკული ბაზრები ბოლო წლებში სწრაფად გადადიან მოკლე, 1-საათიანი BESS სისტემებიდან უფრო ხანგრძლივ — 2, 4 და 6-საათიან ბატარეებზე. თავდაპირველად BESS ფართოდ გამოიყენებოდა მხოლოდ სიხშირის რეგულირებისთვის, თუმცა ბაზრის გაჯერების შემდეგ შემოსავლების ძირითადი წყარო გადაიტანა ენერგიის გადატანისა და პიკური ჩანაცვლების ფუნქციებზე.მინდა წარმოგიდგინოთ ცხრილი 2025 და 2026 წლების დიდი მასშტაბის BESS-ის განთავსებები, სადაც ეს ყველაფერი მეტად თვალსაჩინოა.
|
ქვეყანა
|
2025 მგვტ
განთავსებული
|
2026 მგვტ
პროექტები
|
MWh %
ზრდა
|
საშუალო ხანგრძლივობა 2026
|
|
გაერთიანებული სამეფო
|
3,989
|
22,347
|
460
|
2.2
|
|
ესპანეთი
|
56
|
5,216
|
9214
|
2.6
|
|
იტალია
|
788
|
4,579
|
481
|
2.8
|
|
გერმანია
|
1,172
|
6,444
|
449
|
2.3
|
|
პოლონეთი
|
56
|
2,158
|
3753
|
3.8
|
|
საფრანგეთი
|
234
|
920
|
293
|
2
|
|
ნიდერლანდები
|
515
|
3,231
|
527
|
3.6
|
|
ბელგია
|
775
|
1,410
|
81
|
3.5
|
|
აშშ
|
46,285
|
100,405
|
116
|
3.3
|
|
ავსტრალია
|
9,803
|
39,372
|
301
|
2.6
|
|
სულ
|
63,673
|
186,082
|
192
|
2.9
|
გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და იტალიის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ 4-საათიანი BESS უკვე განიხილება არა როგორც დამხმარე ტექნოლოგია, არამედ როგორც ვირტუალური პიკური გენერაცია, რომელიც ამცირებს გაზზე მომუშავე პიკური სადგურების საჭიროებას და ქსელის გადატვირთულობას.
აშშ-ში, განსაკუთრებით კალიფორნიასა (CAISO) და ტეხასში (ERCOT), BESS-ის ხანგრძლივობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი გახდა მზის გენერაციის მაღალი კონცენტრაცია და საღამოს მკვეთრი პიკური ფასები. პრაქტიკაში ეს გამოიხატა იმაში, რომ 4-საათიანი BESS გახდა ბაზრის დე-ფაქტო სტანდარტი ახალი პროექტებისთვის.
ევროპისა და აშშ-ის გამოცდილება სრულად თავსებადია საქართველოს რეალობასთან:
- ენგურჰესის პიკური ფუნქციის დაკარგვა ≈ გაზის/იმპორტირებული პიკური, გენერაციის ჩანაცვლების საჭიროება;
- მზის ენერგიის ზრდა ≈ დღის ჭარბი და საღამოს დეფიციტი;
- ქსელის შეზღუდვები ≈ BESS როგორც დროითი გადატანის შემსრულებელი.
ეს გამოცდილება ამყარებს დასკვნას, რომ 2–4 საათიანი BESS საქართველოსთვის წარმოადგენს არა შორეულ პერსპექტივას, არამედ დაუყოვნებლივ საჭირო სისტემურ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ დღეს ჩვენთან ამ საკითხზე პროფესიული მსჯელობაც ჯერ ჯერობით არ მიდის,
-დიდი მასშტაბის BESS-ის პროექტების დაფინანსებაში რა პრობლემებს ვხედავთ და რა გამოწვევები არსებობს? მზად არიან თუ არა ბანკები საქართველოში ასეთი ტიპის პროექტების ფინანსირების განსახილველად?
შემნახველი სისტემების განვითარება დღეს იმ ეტაპზე, უფრო სწორედ იმ ეტაპს გადის მთელ მსოფლიოში, რომ ანალოგიური კითხვა ევროპაშიც ,აშშ და ავსტრალიაშიც აქტუალურია. BESS-ის პროექტების დაფინანსების სახეობები დიდ ევოლუციას გადის. მაგალითად დიდ ბრიტანეთში აქამდე შედარებით მცირე ჯგუფის სპეციალიზებული კრედიტორების დომინირების ნაცვლად ამ პროექტებში, მონაწილეთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.ევროპულმა კრედიტორებმა განახლებადი ენერგიისა და BESS-ის სპეციალური პროექტების გაერთიანებები შექმნეს, ძირითადად მზის პროექტებთან მოხდა მათი დაწყვილება,ეს პროექტები უფრო მეტად მზის ენერგიის გენერაციის საათობრივ გადატანაზეა ორიენტირებული.ევროპაში და ბრიტანეთში ყველა აღნიშნავს შემნახველი ბატარეების როლს ამის შესახებ ახლა კარგად იციან და ხვდებიან ინსტიტუციური ინვესტორების საინვესტიციო კომიტეტების უმეტესობაში, ასეთი პროექტების პრაქტიკა ამაზე მეტყველებს,ახლა დაფინანსება გაცილებით მარტივად არის ხელმისაწვდომი როგორც სესხით, ისე კაპიტალით.ასე ,რომ BESS-ის პროექტების დაფინანსების კუთხით აშკარა პროგრესს აღნიშნავენ მსოფლიოში ანალიტიკოსები.ჩვენთან ჯერ ჯერობით გვაქვს მხოლოდ ერთი რეალური პროექტი სახელმწიფო ელექტრო სისტემის ქსანის 500კვ ქვესადგურთან დაგეგმილი 200 მგვტსთ-იანი, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. სხვა პროექტებიც არსებობს განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, თუმცა ქართული ბანკების დამოკიდებულებაზე უმჯობესია მათთან საუბარი.
-ბატონო დავით, კიდე რა უპირატესობებზე შეიძლება ვისაუბროთ ბატარეებზე დაფუძნებული ენერგიის შენახვის სისტემების (BESS) ჩვენს ქვეყანაში განვითარების შემთხვევაში?
როგორც ჩვენი ინტერვიუს დასაწყისში აღვნიშნე საქართველო დღეს მწვავედ განიცდის განახლებადი ენერგიის (მზისა და ქარის) ინტეგრაციის მზარდ საჭიროებას ელექტროენერგეტიკულ სისტემაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ მზის და ქარის ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე დღეღამურ ჭრილში არასტაბილურია და ამ სახის ელექტროენერგიის წყაროების ქაოტურმა განვითარებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ელექტროსისტემის მდგრადობას, როგორც დასავლეთში ამბობენ არა „დისპეჩერიბადი“ ენერგიაა . აღნიშნული პრობლემის გადაჭრის საუკეთესო საშუალება უახლოეს მომავალში,მინიმუმ 8-10 წელი( ახალი წყალსაცავიანი ჰესების ექსპლუატაციაში შესვლის სავარაუდო ვადა) მხოლოდ ენერგიის შენახვის სისტემების (BESS) განვითარებაა - დღეღამის კონკრეტულ პერიოდში გამომუშავებული ელექტროენერგიის შენახვა და ამ ენერგიის რეჟიმულად გამოყენება ენერგოსისტემის მდგრადობის უზრუნველყოფით.
ადრე თუ გვიან საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემა მზად იქნება გადავიდეს ელექტროენერგიის მოცულობების საათურ ვაჭრობაზე. ამ შემთხვევაშიც ენერგიის შენახვის სისტემების მნიშვნელობა და ეფექტურობა თვალსაჩინო იქნება.