დიდი პაუზა ენერგეტიკული სიმძლავრეების განვითარებაში დაუშვებელია, ძალიან ცუდ შედეგს მოიტანს, იმედი მაქვს ეს პრობლემა სწრაფად გადაწყდება.
გვესაუბრება საქართველოს მაღალი კაშხლების ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით მირცხულავა
ბატონო დავით, დღეს ყველა საუბრობს სტრუქტურული რეფორმის აუცილებლობაზე ენერგეტიკაში, რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ ეს და რას უნდა ველოდოთ?
-ვერ გეტყვით რომ „ყველა“ საუბრობს სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობაზე, ყოველ შემთხვევაში მე მხოლოდ ერთი ასეთი პუბლიკაცია თუ სატელევიზიო ინტერვიუ ვიცი.
რაც ყველაზე მეტად ჭირდება დღეს ენერგეტიკას ეს- დიდ ბიუროკრატიაზე დათმობილი დროის მნიშვნელოვნად შემცირებაა. ფაქტიურად დეველოპერები ვერ ახორციელებენ პროექტის განვითარებისათვის საჭირო დროის პროგნოზირებას, პროექტის განვითარების მაგალითად კვლევის ეტაპიდან განხორციელების ეტაპზე გადასვლა იმდენ დროს მოითხოვს, სხვადასხვა ნებართვების აღებისათვის, ნერვებს, დროში გაზრდილ ფინანსურ დანახარჯებს, ელემენტალურად პროექტი დროში ძვირდება და საფრთხე ექმნება საერთოდ პროექტის ლიკვიდურობას -განსაკუთრებით ჰიდროპროექტებში. არსებობს პროექტები, სადაც დეველოპერს უკვე შეკვეთილი აქვს აგრეგატები ცნობილია მათი ჩამოსვლის ზუსტი ვადა და ამ დროს დეველოპერი დიდი ხანია, თვეებია ელოდება საამშენებლო განხორციელების ხელშეკრულების გაფორმებას და ვერ იწყებს მშენებლობას, ან მშენებლობის ნებართვის თვეების განმავლობაში მომლოდინე დეველოპერი, რომლის ჰიდროპროექტის სათავე ნაგებობა სულ ცოტა 2000მ ნიშნულზეა ზღვის დონიდან და მშენებლობის სეზონი მხოლოდ რამდენიმე თვე გრძელდება და ნებისმიერი დაგვიანება მათთვის ნიშნავს სეზონის ჩავარდნას და უზარმაზარ ფინანსურ დანაკარგებს. ნუსხა ასეთი პრობლემების უამრავია. ასევე არ გამომრჩეს: გადამცემ ქსელთან მიერთების უდიდესი სირთულეები ახალი გენერაციის ობიექტისათვის, ენერგიის გამოტანის შეუძლებლობა. სირთულეებია: სვანეთი, რაჭა -ლეჩხუმი, შიდა ქართლი, სამხრეთ საქართველო... .
დიახ, ასეა მრავალი პროექტი, ამ ვადების გადავადების გამო ყველა დეველოპერი წარმოუდგენელი ფინანსური რისკების წინაშე დგას. ან ახალი ინფორმაცია, მზის პროექტებისათვის, ახლა ჩინეთში იგეგმება ფოტოელექტრულ მოდულებზე ექსპორტის გადასახადის არსებული ფასდაკლების განაკვეთის, ამჟამინდელი 9%-დან 4%-მდე ან სულ 0%-მდე შემცირება . ამ ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, მზის მოდულების შესყიდვის ხარჯების ზრდა აუცილებლად მოხდება, ეს კი პროექტის გაძვირებაა მზის პროექტების დეველოპერებისთვის.
დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში ეკონომიკის სამინისტრო დაასრულებს ახალი მიდგომების დამუშავებას, გნებავთ ახალი პრინციპების დამუშავებას , გადაჭრიან ამ სისტემურ პრობლემას და სწრაფად მოძებნიან შესაბამის ოპტიმალურ გადაწყვეტილებას, ეკონომიკურად ქვეყნისათვის მარტო ჩემთვის ცნობილი პროექტებისათვის 2 მილიარდამდე პირდაპირი ინვესტიციებზეა საუბარი. თუ ეს დიდი გამოწვევა დაიძლევა და ერთი ფანჯრის პრინციპი დაინერგება, რითაც შემცირდება ბიუროკრატულ პროცედურებზე დახარჯული დიდი დრო, ორი ხელით დაუჭერ ასეთ რეფორმას მხარს.
ბატონო დავით, პროექტების განვითარებას აუცილებლად დაუბრუნდები, ისევ სტრუქტურული რეფორმების აუცილებლობაზე ჩაგეკითხებით. რა სტრუქტურული რეფორმის ჩატარების აუცილებლობა მიგაჩნიათ ამ ეტაპზე გამართლებულად , ბირჟაზეც გვინდა დაგვიფიქსიროთ თქვენი აზრი რომლის გახსნა გადაიდო 2027 წ.
-ბირჟაზე გეტყვით, რომ მარტო ერთი გახმაურებული უბალანსობის პრობლემა, რომელიც გენერაციის პროგნოზირებასთან არის დაკავშირებული თავისი ფინანსური სანქციებით, და, ეს იმდენ ტექნიკურ ჯერ ჯერობით გადაუწყვეტ პრობლემასთან არის დაკავშირებული, ვფიქრობ საკმარისია რათა მივიჩნიო, რომ სწორედ დასაბუთებულად მოხდა მისი გახსნის გადავადება კიდევ 2 წლით. ასევე ჩემი აზრით სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებიც საკმაოდაა მათ შორის ფუნდამენტურიც, მოკლედ რისკები ნამდვილად სახეზე იყო.
ვფიქრობ ორი ძირითადი ამოცანის: სტრუქტურული რეფორმების და ელექტროენერგეტიკული ბაზრის შექმნის(რომელსაც უამრავი ფიქრი, გააზრება ჭირდება) გარდა არსებობს მესამე მუდმივი ამოცანა, რაც მთლიანად დარგში საინვესტიციო პროცესის გააქტიურებას შეეხება. ყველა სტრუქტურული რეფორმა მიმაჩნია (გადაწყვეტილების მიმღებებმა!!) საინვესტიციო პროცესზე მისი გავლენის ჭრილში უნდა შეფასდეს.
ბატონო დავით თქვენ ახსენეთ “ნამდვილი“ დეველოპერები, რას ნიშნავს არსებობენ არა ნამდვილიც?
-ეს არახალია და იცის უკვე ყველამ, რომ ქვეყანაში პროექტების ჯამურმა სიმძლავრემ თითქმის 11000მგვტ-ს გადააჭარბა ამ სიმძლავრეების შესაბამისი საინვესტიციო პოტენციალი კი ბევრ დეველოპერს ნამდვილად არა აქვს( წარმოიდგინეთ საუბარია ვირტუალურ მინიმუმ 11-15 მილიარდ დოლარის ინვესტიციის პოტენციალზე, რაც ბუნებრივია აბსურდია) და, თუმცა ისინი ზოგჯერ საკმაოდ პერსპექტიულ არეალებსაც მოინიშნავენ და მათი მიზანი მხოლოდ პროექტის სარფიანი გაყიდვაა, როგორც აღვნიშნე ნამდვილ ინვესტორებზე. ეს კი მათთვის საკმაოდ აძვირებს პროექტებს. ამ საკითხის გადაწყვეტა დიდი ხანია პრობლემას წარმოადგენს , სამწუხაროდ ჩამოყალიბდა ენერგეტიკული პროექტების „მეორადი ბაზარი“ და დიდი მოგებით ყიდიან პროექტების მემორანდუმებს. როცა პოტენციური დეველოპერი სახელმწიფოსთან აფორმებ ხელშეკრულებას, მაგალითად, ნებისმიერი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობაზე აუცილებელია სახელმწიფომ ზუსტად იცოდეს ვინაა მისი ინვესტორი. “კლიენტი” ,დაახლოვებით ისე ,როგორც საბანკო სექტორშია მიღებული ეგრეთ წოდებული „იცნობდე შენს კლიენტს“ KYC (know your customer) . ანალოგიურად სახელმწიფომ უნდა იცოდეს და დადგინოს, რომ პოტენციური დეველოპერი ნამდვილად არის თუ არა ის ვისაც შეუძლია პროექტის “აწევა”, ფლობს შესაბამის ფინანსურ რესურსს, აქვს გამოცდილება და კომპეტენცია. ზოგადად ეს სეგმენტი აშკარად მოითხოვს სერიოზულ გადაწყვეტილებებს, რეგულირებას. თუმცა ეს პრობლემა მარტო ჩვენთან არ არის და არ გვჭირდება, ჩემი აზრით, ველოსიპედის გამოგონება: ცოტა ხნის წინ ევრო კომისიამ დაიწყო კონსულტაციები დაინტერესებულ მხარეებთან, რათა შეაგროვოს მათი მოსაზრებები იმ სახელმძღვანელოს შესახებ, რომელიც ენერგოსისტემასთან შეზღუდული სიმძლავრეების პირობებში მიერთების წესებს განსაზღვრავს. ევროპაშიც აწყდებიან მზარდ პრობლემას სპეკულაციური და შეჩერებული პროექტების (როგორც უწოდებენ „მოჩვენებითი“ ან „ზომბი-პროექტების“) არსებობის შესახებ, რომლებიც ენერგოსისტემის სიმძლავრეებს იკავებენ. ასეთი პროექტები, უმეტეს შემთხევაში “მოუმწიფებელი” ან არააქტიური არიან, ხელს უშლიან უფრო სიცოცხლისუნარიანი და რეალიზაციისთვის მზადმყოფი პროექტების განვითარებას , რასაც ერთი ერთში ჩვენთანაც ვხვდებით.
ევროპაში სულ უფრო იხრებიან მიდგომის ცვლილებისკენ „ვინც პირველი მოვა, პირველი მოემსახურება“-დან მოდელზე „ვინც პირველი მზად იქნება, იმას მოემსახურებიან“, სადაც პრიორიტეტი ენიჭება პროექტებს ობიექტური “სიმწიფის” კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა პროექტის რეალური მზაობა, მიწის უფლებები, ნებართვები და ფინანსური დახურვა. პროექტების პროგრესის სრულყოფილი მონიტორინგი ეტაპების მიხედვით და „გამოიყენე ან დაკარგე“ პრინციპის დანერგვა, რათა არააქტიური პროექტები რიგიდან ამოიღონ.
თქვენ მუდამ ლაპარაკობთ დიდი პროექტების: ნამახვან ჰესის,ნესკრა ჰესის და ხუდონ ჰესის აუცილებლობაზე, როგორც მარეგულირებელი ჰესების საქართველოს ენერგოსისტემისათვის. მათი დღევანდელი სტატუსი თქვენთვის ცნობილია: წაგებული არბიტრაჟი, შეჩერებული მშენებლობა, საქართველოს ბიუჯეტიდან გადასახდელი კოლოსალური თანხა და ვფიქრობ სწორედ ესაა უდიდესი რეპუტაციული დარტყმა საინვესტიციო კლიმატზე ქართულ ენერგეტიკაში, ამ საკითზეც მინდა თქვენი აზრი მოვისმინო.
-ის რომ წყალსაცავიანი მანევრული ჰიდროსადგურები ძალიან სჭირდება ქართულ ელექტროსისტემას ამაზე ბევრჯერ ვისაუბრე და აღარ შევჩერდები, უბრალოდ კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მათ გარეშე განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციაა ძალიან გაჭირდება. 30 წელია მავანი და მავანი ქვეყნის შიგნით და გარეთ თავგამოდებით ებრძვის საქართველოსთვის ამ მნიშვნელოვანი რესურსის ჰიდრო პოტენციალის ათვისებას, უამრავი ადამიანი, სხვადასხვა არასამთავრობო, პოლიტიკოსი აქტიურად იყვნენ ჩართული ამ ბრძოლაში. იკითხავთ, ჰქონდათ არგუმენტები? იყო საქმიანი განხილვები,? დიალოგი მე ასეთი არ მახსოვს, მუდმივად იყო მცდელობა ასეთი შეხვედრის ჩაშლის. გახსოვთ ალბათ ნამახვანის თემაზე, უამრავი ადამიანი , საზოგადოებრივი ორგანიზაცია , სხვადასხვა ადამიანები ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ სახელმწიფო არ ასაჯაროებდა პროექტს ,ჩატარებულ კვლევებს და ასე შემდეგ და მათ არ ჰქონდათ საშუალება საფუძვლიანი შესწავლის და შემდეგ პროფესიულად განხილვებში დიალოგებში მონაწილეობის, შესაბამისი პროფესიული ოპონირების, დასკვნების მომზადების. პასუხად სახელმწიფომ ძალიან დიდი შეხვედრა ჩაატარა სასტუმრო მეტეხში, ყველა მსურველს ჰქონდა საშუალება ამ შეხვედრაზე დასწრების. მართლაც უამრავი ადამიანი, სპეციალისტი, მეცნიერი, არასამთავრობო დაესწრო ამ შეხვედრას დაახლოვებით 300 ადამიანამდე იყო შეკრებილი, ყველა მსურველს გადაეცა ელექტრონულ USB ფლეშ მეხსიერება ჩატვირთული სრული პაკეტი საპროექტო, საკვლევი, იურიდიული და ასე შემდეგ მასალებით და ითქვა, რომ სახელმწიფო მზად იყო მოესმინა ყველა ამ შესწავლის შედეგები, ნებისმიერი დაინტერესებული პირისგან თუ ორგანიზაციისაგან. იმ შეხვედრაზე იყო დაპირება, რომ ერთი თვის თავზე სახელმწიფოს წარუდგენდნენ თავიანთ შენიშვნებს, რეკომენდაციებს, დასკვნებს. სამწუხაროდ არც ერთვი თვის შემდეგ, არც 3 თვის შემდეგ არავის წარმოუდგენია არც, შენიშვნა, არც რეკომენდაცია ,დასკვნაზე კი საერთოდ ზედმეტი საუბარი. მთელი ეს აჟიოტაჟი აშკარაა მხოლოდ ხმაურისათვის იყო ატეხილი და პროექტის განხორციელების ხელის შეშლისათვის იყო გამიზნული. შემდგომში ევროკავშირის მოდერატორობით რამდენიმე შეხვედრა პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის ასევე ჩაიშალა. პროექტის მოწინააღმდეგებს რეალურად არ აინტერესებდათ დიალოგი, ყველა შეხვედრაზე პროექტის მოწინააღმდეგეები უმიზეზოდ აყალმაყალსა და ჩხუბს აგრძელებდნენ. შედეგი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი შეჩერდა და ბიუჯეტიდან ქვეყანას გადასახდელი აქვს კოლოსალური თანხა. უკვე მრავალი წელია შეჩერებული ნესკრა ჰესის პროექტი. რაც შეეხება მიღებულ შედეგს არბიტრაჟის თემას და ქვეყნის ბიუჯეტიდან გადასახდელ 380 მილიონ ევროს, ეს მართლაც საშინელი დარტყმაა სახელმწიფოსთვის, ეკონომიკისთვის და ასევე ენერგეტიკის საინვესტიციო კლიმატზე. ბევრ ადამიანს ალბათ არ ახსოვს ჰიდროპროექტების მოწინააღმდეგე იგივე ჯგუფები თავგამოდებით ეწინააღმდეგებოდნენ თავის დროზე ჩვენი ქვეყნისათვის ისეთ სტრატეგიული ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას , როგორიც იყო ბაქო თბილისი ჯეიჰანი, შახდენიზის გაზსადენი. თეორიულად წარმოიდგინეთ ამ ძალებს შახ დენიზის პროექტი ,რომ გაეჩერებინათ ან გადაევადებინათ, რისი დიდი სურვილიც ჰქონდათ, რა უდიდეს დარტყმას მიიღებდა ქვეყნის ეკონომიკა.
ძალიან ბევრს საუბრობენ კომპეტენციის ნაკლებობაზე და კვალიფიკაციური კადრების დეფიციტზე სახელმწიფო სტრუქტურებში, თითქოს მუდმივად არსებობს ვაკანსიები და არ ხდება მათი შესაბამისი კადრებით უზრუნველყოფა, ეს ხომ არ არის ძირითადი პრობლემა ვადების, გადაწყვეტილებების დროულად მიუღებლობის და ასე შემდეგ?
-ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვადევნებ თვალს ვაკანსიებს სახელმწიფო სტრუქტურებში, თუმცა კვალიფიციური კადრები, რომ საძებნია განსაკუთრებით საინჟინრო სპეციალობები, ამას ყველა გრძნობს. სურვილის ნაკლებობა სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის ახალგაზრდისთვის ვფიქრობ შედარებით დაბალი ანაზღაურებაცა ვიდრე კერძო სტრუქტურებში. ზოგადად კომპეტენციის ნაკლებობა ყველგან შეინიშნება და ვფიქრობ სფერო არ არის ასე არ იყოს. ერთხელ ნახევრად ხუმრობით ვთქვი “ინჟინერთა დაცვის” ლიგა უნდა ჩამოვაყალიბოთ, რაც გამოწვეულია მრავალ სტრუქტურაში, რომელიც ჩემი აზრით მთლიანად საინჟინროა. რთული პროექტები, საინჟინრო გადაწყვეტილების აუცილებლობა, ჩატარებული კვლევების განხილვა, განხორციელების მუდმივი ტექნიკური მონიტორინგი და ასე შემდეგ და გადაწყვეტილების მიმღებებში არცერთი ინჟინერი არა არის, ამის მაგალითებიც მრავლად არის და იყო, 5 წლის წინ ერთ-ერთ უწყებაში საკმაოდ რთული საინჟინრო ტექნოლოგიური საკითხის განხილვა იყო: ნახაზებით , ანგარიშებით და მაგიდასთან 12 კაცამდე იყო, მათგან მიწვეული 2 ადამიანი ვიყავით და მასპინძლებში არც ერთი ინჟინერი არ იყო.