ისტორიული მაჩვენებელი

საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეებს შორის პირველ ადგილზე წყალი და წყალთან დაკავშირებული რესურსები დგას - ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი (მდინარეები, ტბები, წყალცავები, მყინვარები, მიწისქვეშა წყლები, ჭაობები) ქვეყნის მთლიანი ფართის გათვალისწინებით, მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

 ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ თბილისში ელექტროგანათების გამოყენების პირველი პროპაგანდისტი ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძე იყო. ელექტროენერგიის წარმოება საქართველოში 1887 წელს დაიწყო, როცა ქართული დრამატული თეატრის გასანათებლად ქალაქ თბილისში თბური ძრავების დააყენეს. სამუშაოები შვედურმა კომპანია “ბლანშე”-მ ჩაატარა. ამ საქმის ინიციატორი და სულისჩამდგმელი იყო ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.

 1897 წელს მიხეილ რომანოვის განკარგულებით, ბორჯომის მინერალური წყლების ქიმიური ლაბორატორიის ხელმძღვანელსა და დირექციის წევრს – მოლდენგაუერს, ლიკანის სასახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის საკითხის მოგვარება დაევალა. პირველი ჰიდროელექტროსადგური 1898 წელს ამუშავებული ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური იყო, რომლის ნაგებობის მშენებლობის ინიციატორი მოლდენგაუერი იყო. ჰიდროელექტროსადგურს 103 კილოვატი სიმძლავრის ელექტროენერგიის გამომუშავება შეეძლო.

 1913 წლის ბოლოსათვის საქართველოში 7 მცირე ჰიდროელექტროსადგური და რამდენიმე ათეული თბოძრავიანი ელექტროსადგური მუშაობდა, რომელთა საერთო ჯამური სიმძლავრე 9 მგვტ-ს შეადგენდა, ხოლო წლიური გამომუშავება თითქმის 216 ათასი კვტ.სთ-ს.

 XX საუკუნის ოციანი წლებიდან საქართველოში დაიწყო ჰიდროელექტროსადგურების ფართო მშენებლობა. 1927 წელს აშენდა ავჭალის ჰიდროელექტროსადგური „ზაჰესი“ (დადგმული სიმძლავრე - 36,8 მგვტ.); 1928 წელს - „აბჰესი“, 1934 წელს - „რიონჰესი“. 1941 წლისათვის საქართველოს ელექტროსადგურების საერთო სიმძლავრე 180 მგვტ-ს შეადგენდა. 1945-1960 წლებში ექსპლოატაციაში შევიდა 11 ჰიდროელექტროსადგური.

 საქართველოში ელექტროენერგიაზე არსებულმა დიდმა დეფიციტმა, ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდამ ქართველ მეცნიერებსა და ინჟინრებს საშუალება მისცა უცხოელ სპეციალისტებთან ერთად, განეხორციელებინათ ისეთი უნიკალური ჰიდროელექტროსადგურის დაპროექტება და მშენებლობა, როგორიცაა "ენგურჰესი", რომელიც ექსპლუატაციაში 1978 წელს გაიშვა.

რუკაზე იხილეთ დღეს არსებული ჰიდროსადგურები საქართველოში. 

http://www.energy.gov.ge/energy.php?id_pages=65&lang=geo